კუმისში ხანძრის დროს დაღუპული ბიჭის ოჯახი მკვლელობაზე საუბრობს: “ინტერნეტით გავიგეთ… ბოლოს მეგობართან სტუმრად იყო”

loading...

ქობულეთში მცხოვრები რომან ცეცხლაძე აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უყვება, რომ მათი დისშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია შემთხვევით, ინტერნეტიდან გაიგეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ამ ფაქტის შესახებ მათთვის არ უცნობებია.

ოჯახი საგამოძიებო უწყებას უყურადღებობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ კითხვის ნიშნები გაუჩნდათ.

“ჩემი დისშვილი წელიწადზე მეტია რუსთავის მეტალორგიულ ქარხანაში მუშაობს, იქეთ არის. 22 ნოემბერს ინტერნეტში სურათი იპოვა ჩემმა შვილმა, სადაც ეწერა, რომ ტრაგიკულად დაიღუპა კუმისში. მალევე ეს ფოტო გაქრა ინტერნეტიდან, ჩვენ დავიწყეთ ძიება. დავრეკეთ 112-შიც და არაფერი იცოდნენ, შემდეგ ჩავედით ადგილზე, ვიცით რომ სტუმრად იყო მეგობართან, მეტი არაფერი ვიცით, არც მასპინძელი შეგვხმიანებია ამ საშინელი ტრაგედიის შემდეგ,” – გვიყვება რომან ცეცხლაძე.

მისი ინფორმაციით, ხის სახლი, სადაც გვამი იპოვეს, სრულად დამწვარია, გარდაცვლილთან ერთად დაიწვა მასპინძლის ორი ძაღლი.

“ძალიან საეჭვოა, ძაღლები იყო სახლში, ყეფას ხო ატეხდნენ, რით ვერ გააღვიძებდა გარდაცვლილს. ან ბულტერიერები იყვენენ და კედელი როგორ ვერ გაანგრიეს. ან ამდენი ხანი, როგორ არ მოგვაწოდეს ოჯახს ინფორმაცია პოლიციიდან, ძალიან დიდი უყურადღებობა და უპასუხისმგებლობაა, ჩემი ოჯახის წევრის გარდაცვალებას ვიგებ ინტერნეტით, თანაც სამი დღის შემდეგ, ჯერ ფოტო იყო, შემდეგ გამომძიებლის ნომრები გადმოგვიგზავნეს და ჩვენ დავუკავშირდით. გვითხრეს, ჩამოდით გარდაბანში და იქ შეგატყობინებთ ამბავსო”.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, ცხედარი ქობულეთში გუშინ, 26 ნოემბერს, ღამით გადმოასვენეს. ამბობენ, რომ გამომძიებლის მიერ მიწოდებული ვერსია, რომ კვამლით გაიგუდა და ხანძრის შედეგად გარდაიცვალა, მათთვის არ არის სანდო და მკვლელობის ვერსიასაც განიხილავენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ წინასწარი ვერსიით, აღნიშნული პირი ხანძრის შედეგად გარდაიცვალა. მათივე განმარტებით, საქმეზე გამოძიება 188 მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. რაც გაუფრთხილებლობით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.

loading...
CATEGORIES
Share This

COMMENTS

Wordpress (0)
Disqus (0 )